"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ოპოზიციური პარტიების გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პარტიები შეჯერდნენ იმაზე, თუ რას გააკეთებენ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არავის ხელში არ აღმოჩნდება კონცენტრირებული ძალაუფლება და პირველივე 100 დღეში გატარდება ის რეფორმები, რომელიც ამას არ დაუშვებს.
„სწორედ ამიტომ ვუჭერთ ჩვენ, ევროპული საქართველო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას მხარს. რაც შეეხება მათ, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, თან ისე, რომ ეს შეთანხმებები მიღწეული არაა, ყველა ეს სუბიექტი ენმ-ს მეთაურობით იქცევა უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად და საფრთხის ქვეშ აყენებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ზოგადად პარტიების კოორდინაციას."- განაცხადა გიგი ბოკერიამ.
ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოდან მიმართა პოლიტიკურ პარტოებს და განაცხადა: "ერთობას არ აქვს ალტერნატივა! ახლა, ეშმაკი გვყოფს, ლუციფერი, რომელიც დაპატრონებულია საქართველოს, მაგრამ, ერთობით გვაძლიერებს"
ასევე, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: "ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ სიაში არ ვიქნებით, ვერანაირი არგუმენტი ვერ დამარწმუნებს, ეს იქნება საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენ არ ვართ ნაციონალური მოძრაობა, თუმცა დიდი სურვილი აქვს „ოცნებას“ რომ მიგვაწებოს. თუმცა ალტერნატიულ ცენტრს ალტერნატივა არ გააჩნია.
არ ვეთანხმები ამ იდეას, ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. მე არ მინდა ვიყო ასოცირებული იმ ძალასთან, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ეს ქვეყანა, კარგად ვნახეთ. მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, გვაქვს ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით."




