„მეგობარი აქტის“ მიღება არარაციონალური ნაბიჯია, მაგრამ არ არის სპონტანური, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბიძინა გიორგობიანმა. მისი თქმით, ეს არის გამიზნული თვითმმართველობის არჩევნების პერიოდისთვის, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ დაძაბონ სიტუაცია.

„ამ აქტის მიღებას ხელი რომც მოაწეროს დონალდ ტრამპმა, ეს აქტი ითვალისწინებს ცალკეული ფიზიკური პირების ამერიკაში შესვლისა და მათი საქმიანობის შეზღუდვას. ეს სახელმწიფოს დიდ ზიანს ვერ მოუტანს, რამდენადაც შეიძლება მოიტანოს პოლიტიკური იმიჯის შელახვა საქართველოსთვის, მაგრამ, სამაგიეროდ საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში დაზიანდება ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია და შეიძლება, რომ იქ ადრე თუ გვიან, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებმაც იკითხონ, რატომ მოხდა ეს. იქ არ არიან ისეთი მორჩილი მოქალაქეები, რომლებიც არასდროს არაფერს არ კითხულობენ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გაუთვლელი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, რომელსაც ექნება თავისი გაგრძელება მომავალში. როგორც ჩანს, იქ ქაოსია ადმინისტრაციასა და პარტიის წარმომადგენლებს შორის. ეს პროცედურა თუ მივიდა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დაწყებამდე, ამასვე აპირებენ ევროკავშირიდან, რომ ამავე პერიოდს დაუკავშირონ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეფერხება და ამით შექმნან საქართველოში კიდევ ერთი ცხელი პერიოდი. მე ვფიქრობ, რომ ეს ამისთვისაა გაკეთებული. არარაციონალური ნაბიჯია, მაგრამ არ არის სპონტანური, ეს არის გამიზნული.

საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველი ერთი პატარა დაწერილი ფურცელი ან ერთი სიტყვა, მათთვის [ოპოზიციისთვის] არის დიდი ნეტარება და ჟრიამულის საგანი. ესენი რომ ჟღივიან, აი ახლა საქართველო საერთაშორისო იზოლაციაშია და ა.შ. ეს ფაქტობრივად არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.