სამწუხაროდ, საქართველოში სამომხმარებლო კალათის დიდი ნაწილი, 70% არის იმპორტირებული საქონლის, ადგილობრივი ნაწარმი ჩვენ არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„იმპორტირებულ პროდუქტს საქართველოში თან მოჰყვება ის პრობლემები, რაც იმ ქვეყანაშია, საიდანაც იმპორტი ხდება, იგივე ინფლაციის მაჩვენებელი და ასე შემდეგ. იმპორტი ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ეს არის ვალუტის კურსი, შემდეგ ლოგისტიკური პრობლემები. იცით, რომ ბოლო ხანს შავ ზღვაში ძალიან რთული სიტუაციაა, შემდეგ ჩამოტანა, დასაწყობება, ეს ძალიან ძვირი ჯდება და ეს ფასს ზრდის. ჩვენ არ ვართ ინდუსტრიული ქვეყანა, ინდუსტრიული ალიანსების და ინდუსტრიული ქვეყნებისთვის პერიფერიაზე ვართ და გარედან შემოტანილია ხომ ეს პროდუქტი? უკვე თვითონ იქ ძვირდება წარმოება, ძვირდება პესტიციდების, საწვავი, მუშახელი და ძალიან ძვირდება ეს საკვები პროდუქტი. ანუ, იქ არ არის რაღაც სტაბილური ფასი, რომ იმპორტიორმა აქ კრედიტი აიღოს ბანკიდან და განსაზღვროს, რამდენად ყიდულობს იქ და ჩამოიტანოს. კრედიტს რომ მოგცემს ბანკი, იქ უკვე წამზომი ჩართულია“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
მისი თქმით, იმპორტიორი და დისტრიბუტორი აქ ბაზრის ფასს ვერ განსაზღვრავენ.
„ბაზრის ფასს განსაზღვრავენ სუპერმარკეტების ქსელები, ეს უნდა ვთქვათ ჩვენ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად. რესურსი, რაზეც საუბრობენ ახლა ამ შეხვედრებიდან გამოსული მწარმოებლები თუ დისტრიბუტორები, რომ მოვძებნეთ რაღაც შუალედები, სადაც შეგვიძლია, ჩვენ ეს ფასები დავწიოთ, ეს შესაძლებლობა შეიძლება იპოვონ მხოლოდ ქსელში. ეს ცოტა გადაჭარბებული, უტრირებული ნათქვამია ჩემგან, მაგრამ დიდწილად უფრო ქსელშია ამის რესურსი, რომ ფასებმა დაიწიოს. იმდენი ფასნამატი აქვს უკვე ქსელში შეტანილ პროდუქტს, შეტანის რეგისტრაციის გადასახადიდან მოყოლებული, ვიდრე ყოველთვიური მარჟა, იქ რაღაც გადასახადები ყოველთვიური, 15-20% გადასახადი და ასე შემდეგ, რომ ძალიან გაუჭირდება დისტრიბუტორს იქ თავისი მოგება, საერთოდ უნდა ამოიღოს მაშინ და ეს წარმოუდგენელი რამეა. ჩემი ვარაუდით და ჩემი შეფასებით, ფასის დაწევის რესურსი არის უფრო ქსელების შიგნით და არა იმპორტიორების მხრიდან“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
შეკითხვაზე, რამ უნდა აიძულოს კონკრეტული სექტორი, რომ დაწიოს ფასები პროდუქტებზე, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, რომ ფასის დაწევა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოშორდება ის წნეხი, რომელიც წარმოშობს ფასნამატს, მაღალი მარჟები, რომელიც სუპერმარკეტებს აქვთ და ა.შ.
„ეს გააკეთეს სააფთიაქო სფეროში და ვიღაც ჭკვიანი ექსპერტები რომ ამბობენ, თუ დღგ-ს დავწევთ და საერთოდ მოვაშორებთ, ფასიც დაიწევსო, აფთიაქებს არ აქვთ წამალზე შემოტანისთვის დღგ და რამე არის ამით შეღავათი ფასებში? არანაირი. ანუ, ამას უნდა ცოტა სხვანაირი მიდგომა. ჩვენ საუბარი გვაქვს საცხოვრებელი მინიმუმის მქონე და ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს გარანტიაზე. ამისთვის მთავარია შიდა წარმოების ხელშეწყობა, შიდა წარმოების ხელშეწყობა კი თანამედროვე საბანკო საკრედიტო სისტემა, როგორიც საქართველოშია, შიდა წარმოებას და შიდა ინდუსტრიას რამე პერსპექტივა რომ ჰქონდეს, ეს მოკლევადიანი და საშინელი პროცენტების კრედიტები, ამას გამორიცხავს აბსოლუტურად. 16 და 18%-იანი კრედიტები ძალიან დიდი წნეხი და ძალიან დიდი რისკია საკვები პროდუქტის იმპორტიორებისთვისაც“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.







