ირლანდიის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა: ნოდარ ტურძელაძემ, რესან კონცელიძემ და ფრიდონ ინჯიამ შეხვედრა გამართეს სახელმწიფო მინისტრთან დიასპორის საკითხებში შონ ფლემინგთან.


შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით ირლანდიის რესპუბლიკის გამოცდილების გაცნობა და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობაში „ირლანდიური მოდელის“ დანერგვა.

„მსოფლიოში მრავალი წარმატებული დიასპორა არსებობს, მაგრამ საქართველოსთვის ყველაზე მისაღები „ირლანდიური მოდელია“, რომელიც ორიენტირებულია დიასპორის ეკონომიკურ უნარებზე,  პირდაპირი დიასპორული ინვესტიციების მოზიდვაზე, წარმატებულ კომერციულ პროექტებზე და მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების საშუალო რგოლის მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე. მე არაერთხელ გამიჟღერებია პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წინაშე, რომ ჩვენი ქვეყნისათვის სამაგალითოა ირლანდიური დიასპორის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ.  „ირლანდიური მოდელის“ ეფექტიანად დამკვიდრება ხელს შეგვიწყობს ეკონომიკური წარმატების მიღწევაში“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

როგორც ბექა ოდიშარიამ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში, უახლოეს მომავალში, იგეგმება  უცხოეთში წარმატებული ქართველების დიდი ეკონომიკური ფორუმის ჩატარება, სადაც დიასპორელებს პირადად გააცნობენ ყველა მაღალი თანამდებობის პირს და მათთან უშუალო კომუნიკაციის საშუალებაც ექნებათ. ასევე, დიასპორელები გაეცნობიან სხვადასხვა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებს, რომლებიც უპირატესად თავმოყრილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ამ პროგრამებისა და ბიზნეს პორტ-ფოლიოების უმრავლესობა უშუალოდ მორგებულია ქართული დიასპორის ინტერესებზე.

ბექა ოდიშარიამ სახელმწიფო მინისტრი პირადად მოიწვია აღნიშნულ ფორუმზე, რომ მოხდეს დიასპორასთან ურთიერთობის ირლანდიური გამოცდილების გაზიარება საქართველოს ხელისუფლებისა და დიასპორის წარმომადგენლებისათვის.

სახელმწიფო მინისტრმა შონ ფლემინგმა, თავის მხრივ, გამოთქვა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში წარმატებული დიასპორელების ეკონომიკურ ფორუმში და ქართულ მხარეს აღმოუჩინოს კვალიფიციური დახმარება ცოდნის და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი და საელჩოს წარმომადგენლები.