„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ოპოზიციის კოორდინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მაშინ, როცა ამის რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „საერთოდ უკუაგდო კოორდინაციის იდეა“. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მათი მიზანია, რომ საზოგადოებას „თავგზა აურიონ“.

„ჩვენ ნებისმიერ იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ეხება გაყალბებულ არჩევნებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს, მზად ვართ კოორდინაციაში შევიდეთ ყველასთან. ამ კოორდინაციაში ვართ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს არის საკმაოდ არაორგანიზებული. როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა ამის ინსტიტუციონალიზაციის პრაგმატული შესაძლებლობა, [გააჩინა], გამოვიდნენ ადამიანები და დაიწყეს საუბარი, რომ თურმე არ იციან ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, რა როლი აქვს ახლა და საერთოდ უკუაგდეს კოორდინაციის იდეა. სიმართლე ის არის, რომ ამ ადამიანების მოტივი და მიზანი ის არის, რომ საზოგადოებას თავგზა აურიონ, არანაირი გეგმა არ შესთავაზონ, ისაუბრონ ერთობაზე და ბრალი დასდონ ვიღაცას, რომ შედეგს ვერ დებენ და პასუხისმგებლობა აკიდონ. უნდათ, რომ იძახონ, აი, სხვამ ვერ მოახერხა ჩვენთან გაერთიანება. როცა რეალურად კოორდინაციის შესაძლებლობა შეიქმნა თვითონ გამოვიდნენ და „ააფეთქეს“ ეს შესაძლებლობა. როდესაც ვამბობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა" და ჩვენ შორის ვერასდროს ვერ იქნება ერთობა, ვერც წარსულში და ვერც ახლა იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ შევუთავსებთ ერთმანეთს ვერც აზროვნებას და ვერც ფასეულობებს, მაგრამ კოორდინაციასაც კი თვითონ „აფეთქებენ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.