ვნახეთ ის, რომ არის წმინდა წყლის ფორმალობა - გვისმენენ, მაგრამ ახმოვანებენ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ უთხრეს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოს. ასეთი პროცესები წარსულში უნდა დარჩეს. ჩვენ გვჭირდება, რომ საკუთარ თავებში მოვძებნოთ ძალა, იმისათვის, რომ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე, გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან, მივუტევოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან და შევეცადოთ საზოგადოება გავამთლიანოთ. ვნახეთ ის, რომ არის წმინდა წყლის ფორმალობა - გვისმენენ, მაგრამ ახმოვანებენ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ უთხრეს. სამწუხაროა ის რეალობა, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი დაპირისპირება, ასეთი ზიზღის დანერგვა, ასეთი ტიპის პროცესები ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. საქართველოს არ აქვს ამ დაპირისპირების გაძლების დიდი რესურსი. არ შეიძლება სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის ასე გამოყენება. კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. უნდა შევწყვიტოთ დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში, ასეთი პროცესები მხოლოდ საზოგადოების გახლეჩას უწყობს ხელს. ჩვენ უნდა გავამთლიანოთ ჩვენი საზოგადოება. უნდა გადავლახოთ ერთმანეთის აზრის ასეთი შეუწყნარებლობა, რადგან იმ პროცესს, რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის პროცესი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ“,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.