პოლიტიკური პატიმრების სიმრავლე და მათ შორის პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის საპყრობილეში გამომწყვდევა ემსახურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთ მთავარ მიზანს - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხელი ჩაიქნიონ, დაკარგონ დადებითი ცვლილებების იმედი და შეწყვიტონ წინააღმდეგობა, რის შედეგადაც “ქართული ოცნება” დაუბრკოლებლად მოიპოვებს სრულ ერთპარტიულ კონტროლს ყველა ინსტიტუციაზე, მმართველობით ორგანოსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზეც კი.  - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.


ამიტომ, აბსოლუტურად სწორი და დროული იყო რომ ახალგაზრდების დატუსაღებას კოალიცია “ლელო-ძლიერმა საქართველომ” უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით. 
ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთ მთავარ მიზანს ასევე წარმოადგენს პროდასავლურ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის განხეთქილების ხელშეწყობა, დაპირისპირების პროვოცირება და სწორედ ამ მზაკვრულ მიზანს ემსახურება ის ბოლო განცხადება, რომელიც მათ გაავრცელეს მიხეილ ყაველაშვილის სახელით.
ცხადია, რომ “ქართული ოცნების” ნებისმიერ ამგვარ მცდელობას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ძალისხმევის გაერთიანებით და ერთობით და იქ სადაც, ამას ვერ ვაღწევთ ერთმანეთის პოზიციების პატივისცემით!
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!
ბადრი ჯაფარიძე /საკანი 214/ 06/07/25 - წერს ჯაფარიძე "ფეისბუკში".

ცნობისთვის,   "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: 

"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს