სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ საქართველო სინგაპური უნდა გახდესო. მამუკა ხაზარაძე ხალხს ეუბნებოდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ყველაზე მსხვილ ჩინურ კომპანიებს შემოვიყვანო. დღეს საზოგადოებას ეუბნებიან საპირისპიროს – თურმე ეს ყველაფერი გახდა ანტიქართული, ანტიევროპული და მიუღებელი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ჰგონიათ, რომ საზოგადოებას მოკლე მეხსიერება აქვს და ასე უთავმოყვარეოდ ცდილობენ ჩვენი მოქალაქეების მოტყუებას. რასაკვირველია, ჩვენც და მოქალაქეებსაც ახსოვთ ეს განცხადებები და ეს კიდევ ერთხელ მათ აყენებს ზიანს. ხალხი უფრო მეტად რწმუნდება, რომ ამ ადამიანების ნდობა არ შეიძლება. რასაც ამბობდნენ ერთი თვის წინ, ერთი წლის წინ – მათთვის ამას არანაირი მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა არ მოჰყვება. შეუძლიათ, შეცვალონ პოზიცია, განცხადებები და დღეს სრულიად საპირისპირო მხარეს ამტკიცონ ის, რასაც წარსულში თვითონ ჰპირდებოდნენ საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სინამდვილეში, საქართველო და ანაკლიის პორტი არის კავშირი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
„ტვირთბრუნვების ყველაზე მსხვილი წყარო ამ შემთხვევაში არის ჩინეთი აღმოსავლეთში. მას შემდეგ, რაც საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან, არის კანდიდატის სტატუსის მფლობელი ქვეყანა, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში, ყველაზე სტაბილური პარტნიორი, რომელსაც აქვს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სტაბილური პოლიტიკური სისტემა ბოლო წლებში, ახლა მუშაობს აღმოსავლეთთან მჭიდრო ეკონომიკურ და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე, რათა სრულფასოვანი კავშირი შედგეს ჩვენი დახმარებით და შუამდგომლობით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირში. ანუ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იქნება სრულფასოვანი, შედგება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უზრუნველყოფს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებას.
სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სინგაპურიზაციას ქადაგებდა და მამუკა ხაზარაძე, რომელიც ანაკლიის პორტში უმსხვილეს ჩინურ კომპანიებს შემოიყვანდა, ამას ჰპირდებოდნენ ანაკლიაში ხალხს საჯაროდ, ახლა აღმოჩნდა, ორივე ამბობს, რომ ეს კავშირი და პროექტი არის მიუღებელი, თითქოს ის ეწინააღმდეგება საქართველოს, ევროპის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს არის უპასუხისმგებლობა და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.