საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ ოპოზიცია ფაშისტურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და მოუწოდა საკუთარ კორუმპირებულ წარმომადგენლებს მიხედონ.
„გასაგებია, რომ თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგია ყველაფერი გააკრიტიკოთ, მაგრამ დღეს საოცარ ბრალდებებს ვისმენთ. თურმე წყლის გაყვანილობის მილები რომ გამოცვალო, ქუჩა არ უნდა გადათხარო და ეს დაუშვებელია. ოპოზიციამ თავადვე აღიარა, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება პროექტი, მთავარია ვინ აკეთებს. კერძოდ, რა სახის გამწვანება იქნება, როგორი იქნება განაშენიანება და ურბანული დაგეგმარება. თქვენთვის მთავარია ვინ დგას სამუშაოების უკან, მხოლოდ სახელებს აქვს მნიშვნელობა თქვენთვის.
ეს არის ფაშისტური დამოკიდებულება. სანამ სხვაზე დაიწყებდეთ ლაპარაკს, თქვენს კორუმპირებულ წევრებს მიხედეთ, კონკრეტულად თქვენს კორუმპირებულ ყოფილ მერს. სანამ ჩვენი გუნდის წევრებს მოსთხოვთ ბოდიშის მოხდას, ჯერ თქვენი გაკეთებული საქმეებისთვის მოიხადეთ ბოდიში “, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ოპოზიციას შეახსენა, რომ მათი ბრალდებების მიუხედავად, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიიღო ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„ამდენი ხნის განმავლობაში, რომ გამოდიხართ და რუსული პოლიტიკის გატარებას გვაბრალებთ, აღმოჩნდა რომ, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობების მივიღეთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი ჰქონდეთ“,- დასძინა არჩილ გორდულაძემ.