საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 9 ნოემბერს გაგრძელდება. გუშინდელი პროცესი კი "ლელოს" და გახარიას პარტიის ახსნა-განმარტებებით დასრულდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მათ სარჩელის არსი ვერ გაიგეს, რა დროსაც არსიც და შინაარსიც - პლენუმის წევრებმა განუმარტეს.

ორკვირიანი განხილვების თავზე, მმართველი პარტია ოპონენტების მხრიდან არგუმენტების არარსებობაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებულია, ის ძალები კი, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანაში დესტრუქციულ ქმედებებს აორგანიზებდნენ და ახდენდნენ, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, მათ დასაბუთებული სარჩელი აქვთ, ხოლო "ნაცმოძრაობის" კამპანია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, დეზინფორმაციასა და დემაგოგიაზეა აწყობილი.

"ნაცი თავის ზნეს არასდროს მოიშლის, მათ შორის არც საკონსტიტუციო სასამართლოში არ გასწორდება მისი ზნე - მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგია, სიცრუე, ნიაღვარი სიცრუისა და ერთი და იმავეს გამეორება, ფაქტების წინააღმდეგ წასვლა... რაც უფრო ბევრს ლაპარაკობენ არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლები, უფრო და უფრო ამყარებენ ჩვენი სარჩელის დასაბუთებას. კვლავ ასე გააგრძელებენ და ამ რეჟიმში იქნებიან. ისინი ფაქტების წინააღმდეგ ვერაფერს აწყობენ, ვერ ემიჯნებიან, არავითარი სხვა მტკიცებულება არ აქვთ და მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიაზე არიან გადასულები, მათ შორის გადასულები არიან იმის მტკიცებაზე, რასაც წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ თითქოს "ქართული ოცნება" არის არაკონსტიტუციური პარტია. ჩვენ შევიტანეთ სარჩელი, ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ჩვენსა და "ნაცმოძრაობას" შორის, რომელი არღვევს კონსტიტუციას. ჩვენ დასაბუთებული სარჩელი გვაქვს, მათი კამპანია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, დეზინფორმაციასა და დემაგოგიაზე არის აწყობილი, ახლაც და მთელი წლების განმავლობაში. საქართველოს აქვს უფლება, რომ გათავისუფლდეს აგენტურისგან - არა აგენტურულ ოპოზიციას და პარტიებს!" - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.