მეთიუ მილერმა პოსტი რამდენჯერმე დაწერა. ჯერ დაწერა, შემდეგ წაშალა და საბოლოო ჯამში, განცხადება მივიღეთ, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულიაო. სავარაუდოდ, ჩვენ თავისუფალი უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები შეგვიჩერეს, რა თქმა უნდა, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, როდესაც საუბარი პარტნიორობაზე გვაქვს, პარტნიორობა და მეგობრობა ორმხრივი ვიცით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ყველაფერი კეთდება, რათა პარტნიორების მიმართ ღირსეულები ვიყოთ“.
„ეს ვალი არაერთ ქართველს საკუთარი სისხლისა და ოფლის ფასად გადაუხდია და დაუმტკიცებია, რომ ჩვენ ჩვენს წილ ვალდებულებებს ნამდვილად ღირსეულად ვასრულებთ. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამის საპასუხოდ აბსოლუტურ ტყუილს და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ეს ყოფილი ადმინისტრაციისგან უფრო კუდის მოქნევის მცდელობას ჰგავს, რათა დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ.
მას შემდეგ, რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, ჩინეთმა უმოკლეს ვადაში პირდაპირი ფრენები და გადაადგილებაც უზრუნველყო. ქართულ საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, ჩინეთში თავისუფლად იმოგზაუროს და მათ შორის ვაჭრობის შეთანხმებაც გაფორმდა. ველოდებით, რომ სხვა პარტნიორმა ქვეყნებმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მიბაძონ და პარტნიორობის ის მაღალი სტანდარტი აჩვენონ, რომელიც ჩინეთთან გვაქვს“, – განაცხადა გორდულაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებამ დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი.