გერმანიის ელჩი, ერთი წელია, ქირაობს საკუთრებას ერთ-ერთი ე.წ. ოპოზიციონერისგან, რეალურად „ნაცური“ პარტიის ლიდერისგან და დამფუძნებლისგან, შემდეგ მას პრეტენზია აქვს, რომ მიუკერძოებელია. ეს არც ევროპულობაა და არც დემოკრატიულობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არახალია, რომ გერმანიის ელჩს მამუკა ხაზარაძის საკუთრება აქვს ნაქირავები, რადგან ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია ერთი წლის წინაც ჰქონდა.

„როგორ შეიძლება, დიპლომატი კონკრეტულად პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან საკუთებას ქირაობდეს, კონკრეტულ უძრავ ქონებას და შემდეგ მას მიუკერძოებლობის პრეტენზია ჰქონდეს? ხელშეკრულების არქონა დამატებითი საფუძველია და იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ, სამწუხაროდ, გაუმჭვირვალობა ახლა გახდა საკითხი, რომელიც ასე აწუხებს ევრობიუროკრატიას და, მათ შორის, ამ ყველაფერში, როგორც ჩანს, დიპლომატიაც ჩართულია.

საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება ქვეყანაში მოქმედ ყველა ბიზნეს ან ბიზნესში ჩართულ ადამაიანს აქვს. საშემოსავლო გადასახადი თუ გადახდილი არ იქნება, შესაბამისად, ეს პასუხისმგებლობასაც იწვევს, მაგრამ მამუკა ხაზარაძისგან კანონის დარღვევა ჩვენთვის არახალია. ეს არის ადამიანი, რომელიც კანონს არღვევდა და თაღლითობაშია მხილებული. ეს სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულად ვიცით. მათ შორის, ხაზარაძე და ჯაფარიძე ის ადამიანები არიან, რომლებიც ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი დოლარის ამოღებას და საკუთარ ჯიბეებში ჩადებას ცდილობდენ, ახლა ქონება რომ არ აქვთ შესაბამისად დეკლარირებული და გადასახადს არ იხდიან, რა გასაკვირია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.