„ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას გამუდმებით ესმოდა ერთი გზავნილი - თუ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა, თუ არ დაემორჩილებოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ურთიერთობებს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ააწყობდა, ქვეყანას აღარ ეყოლებოდა პარტნიორები, შეწყდებოდა ინვესტიციები და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდებოდა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ.

მისივე თქმით, დღეს რეალობა სრულიად განსხვავებულ სურათს გვაჩვენებს და საქართველო როგორც ტრადიციულ პარტნიორებთან, ისე ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და თანამშრომლობის განვითარებას აგრძელებს.  

მისივე თქმით, დღეს ფაქტები საპირისპიროს აჩვენებს და საქართველომ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია პარტნიორობა ისე, რომ არ დაკარგო ღირსება და შესაძლებელია თანამშრომლობა ისე, რომ არ თქვა უარი სუვერენიტეტზე.

„ქვეყანა აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, განათლებისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების რეფორმირებას, უსაფრთხოების გაძლიერებას და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის ზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს როლის გაძლიერება რეგიონული თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელისა და ახალი რეგიონული პროექტების განვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი ხდება. ამიტომ, როდესაც საუბარია ქვეყნის ვითომ იზოლაციაზე ასეთი მასშტაბის პროექტები თავად არის პასუხი იმ ნარატივებზე, რომელსაც წლების განმავლობაში საზოგადოებას სთავაზობდნენ. საზოგადოებას ჰპირდებოდნენ იზოლაციას და რეალურად კი, საქართველო იმყარებს პოზიციას როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბი.  როდესაც ეს პროგნოზები არ გამართლდა, დღეს უკვე თავად რადიკალურ ოპოზიციაში ვხედავთ დაპირისპირებასა და პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადატანის მცდელობას. მათ კვლავ ვერ გაიგეს მთავარი - საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ არა მუდმივი დაძაბულობა, კატასტროფის პროგნოზები და ნეგატიური დღის წესრიგი, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და შედეგი“, - აღნიშნა არჩილ ბერიძემ.