არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხმა აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ჯანჯღავას „განსაკუთრებული მიღწევების ჯილდო“ გადასცა.
ინფორმაციას ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგი ჯანჯღავას ჯილდო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს შორის საქართველოს საელჩოს გამორჩეული საქმიანობის, ინოვაციური მიღწევებისა და სხვადასხვა სფეროში სამინისტროსთან წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის აღიარების ნიშნად გადაეცა.




