პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა. მიზეზი ანალოგიური იყო, რაც სხვა ოპოზიიონერი დეპუტატების შემთხვევაში - მან მიკროფონის გათიშვის მიუხედავად, საუბარი გააგრძელა.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს რეგლამენტის დარღვევაა.
კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას, ანრი ოხანაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ვინც მიკროფონის გარეშე ისაუბრებდა, მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი მექანიზმი.
ლევან ხაბეიშვილი მერვე ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა. კომიტეტის სხდომის მიმდინარობისას დარბაზი დაატოვებინეს: გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, სალომე სამადაშვილს, თამარ კორძაიას, თაკო ჩარკვიანს, ქეთევან თურაზაშვილს და ანა წითლიძეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მუხლთან დაკავშირებით მსჯელობენ.
როგორც აღინიშნა, კანონპროექტის მეორე მუხლში გარკვეული ცვლილებები შევიდა.
საკითხზე მომხსენებელმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რომ მეორე მუხლის პირველი პუნქტის ბ გ და დ ქვეპუნქტში სიტყვა „არაკომერციული“ ჩაემატა.
„ბ გ და დ პუნქტში გვაქვს ასეთი რედაქცია – მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული (ეს სიტყვა ჩაემატა) შემოსავლის 20 პროცენტზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. ამ სიტყვამ ამოშალა ის ნაწილი, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ, მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაბამისად, აღნიშნულ მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან ან კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი. ანუ, სიტყვა „არაკომერციულმა“ ტექნიკურად შეცვალა ეს ჩანაწერი და ბ გ და დ პუნქტში არის მხოლოდ ეს ცვლილება. სიტყვა „არაკომერციულმა“, ის ყველაფერი, რაც იყო ჩამონათვალი, ლაკონურად ერთ სიტყვაში ჩაატია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.