კანონის შინაარსს არ შევეხები და არც შეფასებას დავიწყებ, უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა სახელმწიფოზე, რომელიც გარედან ისმის, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ეკლესიას ძალიან ცუდად შეეხო.
„მოვისმინეთ ბუნდესტაგის მიხეილ როთის ძალიან სამარცხვინო განცხადება, სადაც შეეხო ეკლესიას ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან, ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით, რაც არის“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
14 მაისს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და აქციის მონაწილეებს მიმართეს.
თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი გზავნილი“.