განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ფასეულობების დაცვის ხაზი, რასაც ატარებს ხელისუფლება. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ის ფონი, რაზეც უნდა განვიხილოთ ეს შემოთავაზება, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
კითხვაზე, თუ რა სარგებელს მიიღებს სახელმწიფო, თუ კი კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეს ნიშნავს ერის კიდევ უფრო გაძლიერებას.
„სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ერის ერთობაზე და უნდა ზრუნავდეს ერის ღირებულებების საბაზისო, აი ამ მოცემულობების შენარჩუნებაზე, გამყარებაზე და კიდევ უფრო ფართოდ გაშლაზე. ბოლო პერიოდში, სახელმწიფოს პოლიტიკას ჩვენ ვადევნებთ თვალს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ფასეულობების დაცვის ხაზი, რასაც ატარებს ხელისუფლება. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ის ფონი, რაზეც უნდა განვიხილოთ ეს შემოთავაზება. თუ სახელმწიფომ მიიჩნია მნიშვნელოვნად, რომ აი ამ პერიოდში, როდესაც ფასეულობათა აი ასეთი ცვლილებების პერიოდში ვართ, ასეთ ჭიდილში, შეხედულებების მსოფლმხედველობების აი ასეთ განსხვავებულ ფონზე, სახელმწიფომ თუ გადაწყვიტა, რომ საჭირო არის ეროვნული ფასეულობების დაცვა და ქრისტიანული ღირებულებების კიდევ უფრო გამყარება, მაშინ სრულიად გასაგები არის რა სარგებელი ექნება სახელმწიფოს. ეს უნდა იყოს ერის კიდევ უფრო გაძლიერება“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.