მედვედევის ამ განცხადებას ძალიან სწრაფად და ძალიან მკაფიოდ უნდა ეხმაურებოდნენ ოფიციალური უწყებები, ველოდები, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ასევე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ასეთ ვითარებაში ჩვენ, როგორ წესი, ვხედავთ გაჩუმებულ „ქართულ ოცნებას“, როდესაც ნებისმიერ მეგობრულ და პარტნიორულ განცხადებას ამ განსხვავებით მყისიერად ეხმაურებიან ხოლმე. ახლა მაინტერესებს, სად არის სახელმწიფო უწყებების და „ქართული ოცნების“ მყისიერი პოზიციონირება ამ ყოვლად მიუღებელ განცხადებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თარიღებს, შევახსენებ რუსეთს და მის თითოეულ წარმომადგენელს, რომ რუსეთი ორი საუკუნეა, ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და ისტორიის გადაწერის მცდელობა, რომ თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ 2008 წელს დაიწყო, ან 90-იან წლებში, არის რუსული პოლიტიკის ხელწერა. თუმცა, მსოფლიომ კარგად იცის ამ ისტორიის დასაწყისი და ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროკავშირი საერთოდ არ იყო შექმნილი, როცა რუსეთი ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეკლესიის ავტოკეფალიას, რომელიც გააუქმა კიდეც საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან ერთად. ეს არის მოცემულობა, რომელსაც მედვედევის და სხვების ვერც ერთი განცხადება ვერ გადაწერს. საქართველოს აქვს არჩეული ევროატლანტიკური კურსი და ძალიან სამწუხაროა, რომ ისტორიის ამ მომენტში საქართველოს და რუსეთის სპიკერების განცხადებები საგანგაშოდ და სამარცხვინოდ ემთხვევა ერთმანეთს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავინდებურად პოპულარულია და სავსებით შესაძლებელია განხორციელდეს, თუ ამისთვის საფუძვლიანი მიზეზები წარმოიშობა".