„ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, უჯრაში რაღაც სხვა კონსტიტუცია აქვს ჩაკეტილი და იმით ხელმძღვანელობს და არა იმ კონსტიტუციით, რომელიც ამ სახელმწიფოში მოქმედი კონსტიტუციაა, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„დროებით საგამოძიებო კომისიაზე ირაკლი კობახიძეს მის მიერვე დაწერილ წიგნებში ჩაეხედა. ალბათ, მისი დაწერილია ის წიგნი, რადგან კონსტიტუციის შესაბამის განმარტებებს მისი სახელი, გვარი ადევს და ჩვენ კობახიძის განმარტებას დავეყრდნობით, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ირაკლი კობახიძემ ან უნდა თქვას, რომ ის წიგნები მისი დაწერილი არ არის, რაც სერიოზული სკანდალი იქნება, ან თავად გაიხსენოს, რას წერდა 2012 წლამდე სახელმძღვანელოებში კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე. როგორც ჩანს, ახლა კობახიძე ნანობს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც განხორციელდა, მაგრამ ეს ცვლილებები მოქმედი კანონმდებლობაა და მისი უკან წაღება ვერ მოხერხდება. ამიტომ მოუწევთ, საკონსტიტუციო სასამართლოში თქვან, რომ ძველად ტყუოდა ირაკლი კობახიძე, როცა წიგნებს წერდა, ან ახლა ტყუის. ყველა შემთხვევაში მატყუარა გამოდის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.