პრეზიდენტთან საუბარი იყო როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია. ყველაზე კარგი წყარო არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც პირდაპირი შემხებლობა აქვს ჩვენს მეგობრებთან. პრეზიდენტი ადასტურებს, რომ კავშირზეა, საქმის კურსშია მთელს პროცესებთან მიმართებაში, რასაც ადგილი აქვს ევროკავშირში და აწვდის ზუსტ ინფორმაციას მტკიცებულებებთან დაკავშირებით, იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანას მიადგა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, ოპოზიცია განსაკუთრებით გააქტიურდება დიპლომატიური მიმართულებით.
„ახლა ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით დიპლომატიური მიმართულებით. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებულია, ადევნებს თვალყურს აქ რა ხდება. ევროკავშირის ქვეყნებს სჭირდებათ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს პარლამენტი რჩება აუღიარებელი. მარტო ათ ქვეყანას და ისიც რა ქვეყნებს აქვს აღიარებული ეს პარლამენტი? - ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით, მათ შორის ელჩებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას საპროტესტო მუხტის შენარჩუნების თვალსაზრისით“, - განაცხადა ანა დოლიძემ.