ყველამ რაღაც დავთმეთ, პიროვნული გემოვნება გვერდზე გადავდეთ, მაგრამ ახლა არ არის დრო, ჩვენ ვეძებოთ ავთანდილი, ტარიელი, როსტევანი, ნესტან-დარეჯანი ან ვიღაც სრულყოფილი ადამიანები, დღეს ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს ყველას გასაკეთებელი, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ზუსტად სამი თვის წინ, აქ, რიყეზე შეკრებილმა 300 ათასმა ადამიანმა და მათმა ოჯახებმა, პოლიტიკოსებს მოგვცეს ერთი დავალება - შეცვალეთ ხელისუფლება იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს საბოლოო დეოკუპაცია და განხორციელდეს ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანი. ეს დავალება ასი წლის წინ გასცა ჩვენმა ბოლშევიკებისგან ნაწამებმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ამბროსი ხელაიამ, როცა მან მიმართა თავის წერილში საერთაშორისო საზოგადოებას და უთხრა, ორი რამ გვინდა: საქართველოს დეოკუპაცია და ის, რომ მოგვეცეს ქართველებს საშუალება ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. მაშინაც და დღესაც, ერის არჩევანი იყო ევროპა. დღეს ჩვენ, ვინც აქ ვართ, გადავდგით ერთი ნაბიჯი ამ დავალების შესასრულებლად, ეს ნაბიჯია ძალების გაერთიანება იმისათვის, რომ ეს ამოცანა განხორციელდეს.

ყველამ, ვინც აქ ვართ, შეიძლება რაღაც დავთმეთ, პიროვნული გემოვნება გვერდზე გადავდეთ, მაგრამ ახლა არ არის დრო, ჩვენ ვეძებოთ ავთანდილი, ტარიელი, როსტევანი, ნესტან-დარეჯანი ან ვიღაც სრულყოფილი ადამიანები, დღეს ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს ყველას გასაკეთებელი. ჩვენ ვართ განსხვავებულები, შეიძლება რაღაც საკითხებში აზრთა სხვადასხვაობაა, ეს აზრთა სხვადასხვაობა გამოვლინდება, მაგრამ ეს სხვადასხვაობა არის ჩვენი ტრადიციების და ჩვენი კულტურის სიძლიერე“ , - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის,„ლელო", ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის" და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი" საარჩევნოდ გაერთიანდნენ