არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
ანა ბუჩუკური გამოეხმაურა გიორგი ჩალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.
ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აქვს რესურსი, არათუ ხელისუფლებას გაუწიოს სერიოზული ოპონირება, არამედ იმის რესურსიც არ აქვს, განახლება მოახდინოს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა გაჰყვეს თუ არა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელთა მოთხოვნას არსებული მტკიცებულებების და სასამართლოს გადაწყვეტილების, მათ შორის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად, მით უმეტეს, როცა ხელისუფლების არგუმენტია, რომ თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილის მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენებას ითხოვენ, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს.
ამასთან, ბუჩუკურის თქმით, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ამ პოლიტიკურ გუნდს გაუჭირდება, საკუთარ ამომრჩეველს აუხსნას, რატომ მიიყვანა საქმე იქამდე ან რატომ შეიძლება, მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს.
„მე იურისტი ვარ და სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა წასაკითხადაც. როდესაც ამ გადაწყვეტილებას კითხულობ, აქ ჩანს მთლიანი სისტემის სიმახინჯე, რაც შექმნა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილის დროს. რაც შეეხება იმ კონტექსტს, რა კონტექსტითაც შეკითხვა დასვით, ჩვენი გუნდი სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან ვამბობთ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები არის აღსასრულებელი და მიხეილ სააკაშვილმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა მოიხადოს სასჯელი, ბუნებრივია, ჯანმრთელად, ცალსახად. ვინც არ უნდა იყოს პატიმარი, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სახელმწიფოს. ესეც სამართლის ელემენტარული პრინციპია.
ჩვენი გუნდის დამოკიდებულება არის ასეთი – დიახ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები არის აღსასრულებელი, ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფით. რაც შეეხება იმას, „ქართული ოცნება“ რას ფიქრობს და რას არა, სხვათა შორის, ეს პოლიტიკურადაც საკმაოდ დამაზიანებელი იქნება ამ გუნდისთვის. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა, როგორ უნდა აუხსნას საკუთარ ამომრჩეველს, რატომ მიიყვანა საქმე იქამდე ან რატომ შეიძლება, მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს?“ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.