ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, არ უნდა დაგვავიწყდეს, ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას განიხილავენ, როგორც თავიანთი ვიწროპარტიული მერკანტილური ინტერესების განხორციელების წყაროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, ის, რომ დღეს პროცესები, მათ შორის ქუჩის პროტესტი, წლების წინ არსებული სურათისგან განსხვავდება, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის უკან მდგომი ძალები შეიცვალნენ.

„ჩვენ მათი მხრიდან ვისმენთ, რომ საკუთარ ქვეყანას კერძსაც ადარებენ და უამრავი ეპითეტით ამკობენ. როდესაც ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანას ჯერ კიდევ განიხილავენ, როგორც თავისი ინტერესების გატარების საუკეთესო სფეროს, უნდა ვიყოთ ფხიზლად, მიდგომები აქვთ შეცვლილი. არაერთი პირისგან მოვისმინეთ, თუ მათ განცხადებებს შევხედავთ და მათ ტელევიზიებში გაკეთებულ ნარატივებს დავაკვირდებით, მკაფიო არის ერთი რამ - ამბობენ, რომ „ჩვენ რევოლუციის მოწყობის თავი და უნარი არ გვაქვს და ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ხალხთან, დავარწმუნოთ და ასე შემდეგ“. სინამდვილეში აქ არაფერია არც სამუშაო და არც დასარწმუნებელი, საკითხი მარტივადაა - სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესი, მეორე პინაზე კი დევს მათი ბოროტი ზრახვები.

როდესაც ექცევი გავლენის ქვეშ და გავლენის სფეროს წარმოადგენ, რა თქმა უნდა, ეს არის ყველა სხვა გარე სახელმწიფოსთვის საოცნებო და საზრუნავი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, ოპოზიციურ ძალაზე, რომელშიც არის დაპირისპირება, შეიძლება თუ არა უცხოურმა ძალამ გააკეთოს ფსონი დასახული მიზნის მისაღწევად, მან განაცხადა, რომ მათთვის მარტივი მოცემულობა არ არის.

„რა თქმა უნდა, ამ კუთხით მათთვის არასახარბიელო სიტუაციაა. მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან ბრძენი და ფხიზლად და ამ ყველაფერს ძალიან ჯანსაღად უყურებს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად, პროცესები არის არა ფარდის მიღმა, არამედ ფარდა არის აწეული, ყველაფერი არის ღია და გამჭვირვალე. ქართველი ხალხი არის ინფორმირებული და ინფორმაციით შეიარაღებული. როდესაც ჩვენი მოქალაქეები არიან ინფორმირებულები, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ძალიან კარგი უნარი, სწორი და ადეკვატური შეფასებები და დასკვნები გამოიტანონ. ამის ჩახშობას ცდილობენ, რომ ქართველი ხალხი არ იყოს ინფორმირებული“, - აღნიშნა დეპუტატმა.