ვანო მერაბიშვილს და ძველი დროის გადმონაშთ დინოზავრებს ვურჩევ, გაჩუმდნენ და ნუ ცდილობენ, მიეტმასნონ იმ მძვინვარებას, რაც ამ დღეებში ქალაქის ქუჩებში ხდებოდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე 8 მარტის გადაცემაში ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუს, სადაც კითხვაზე, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი – თავისუფლება სააკაშვილს, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მათი პარტია პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის გათავისუფლებას.
ელისაშვილის თქმით, აქციაზე ხალხი არც მერაბიშვილის და არც სააკაშვილის გამო არ მისულა.
„აბსოლუტურად სხვა რაღაცის გამო იყო ხალხი გამოსული, არავის მიერ არ იყო გამოყვანილი, მით უმეტეს, ვანო მერაბიშვილის გამო. არც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არ გამოსულან. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მისი პარტიის ლიდერი დადიოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სამ კაცს ვერ კრეფდნენ. ვხედავდით ყველანი ამას ხომ? ახლა ნუ ეცდებიან, როგორღაც აეზილონ ამ აქციას. ეს აქცია იყო იმის გამო, რომ საქართველო არ წავა რუსეთისკენ და უნდა წავიდეს ევროპისკენ, მორჩა და გათავდა. ახლა ნურც თავს მოიტყუებენ, ნურც უკრაინელებს მოატყუებენ. თვითონ თუ უნდათ თქვან, სააკაშვილის გათავისუფლებით „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს აქციას, რამდენი კაცი გამოვა კი ვნახავთ, რამდენი გამოდიოდა თუნდაც ბოლო პერიოდში. თავს უხერხულ სიტუაციაში ნუ ჩაიგდებენ მერაბიშვილიც და სხვებიც, გაითვალისწინებენ ხომ კარგი, თუ არა და იქნებიან ისეთივე დასაცინები, როგორც დღეს არიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუს კიდევ ერთ კითხვას – „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილზე არ არის დამოკიდებული თბილისში მაიდანი იქნება, თუ ორთაჭალის კუნძული.
„საქართველოში, თბილისში მაიდანი იქნება, თუ ორთაჭალის კუნძული, ეს არ არის დამოკიდებული ვანო მერაბიშვილზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორ დასკვნებს გამოიტანს სისულელეების ჩამდენი „ქართული ოცნება“ თავის რაღაც ძალძის ძალა თუ ხალხის ძალა, თუ რაღაც რომ ჰყავთ, იმასთან ერთად“, – აღნიშნა ელისაშვილმა.