ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს.
წერილს დეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე არადემოკრატიულმა ქმედებებმა, კერძოდ, მათმა აგრესიულობამ უცხოური აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების კუთხით, ზღვარი გადალახა. ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება ცხრა ნაბიჯს, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ აიღო, როდესაც საქართველოს ევროკავშირის სტატუსი მიენიჭა და, რაც არ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს ევროკავშირის მიერ.
მოგიწოდებთ, დაიკავოთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შემდგომი ზომები, რომლებიც გაუგზავნის მკაფიო სიგნალს საქართველოს ხელისუფლებას.
პირველი, საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ქმედება ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის ვალდებულებებს. შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში ყოველგვარი შემდგომი პროგრესის გარეშე. მეორე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება უნდა გადაიხედოს. მესამე, შემდგომი გადავადების გარეშე უნდა შეფასდეს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესრულებაში საქართველოს პროგრესი”, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.
ჯოზეფ ბორელისადმი წერილის ხელმომწერებს შორის არიან – ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, სანდრა კლიენტე, მიხაელ გალერი და სხვები.