3 ოქტომბერს ჩასატარებელი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა
ვანის, ახმეტის, დმანისისა და წალკის საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები თბილისში, შპს „ფავორიტ სტილში“ დაიბეჭდა.
სულ დაიბეჭდა 2 450 საარჩევნო ბიულეტენი, საიდანაც 1 750 ბიულეტენი განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ხოლო 700 ბიულეტენი იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, ბიულეტენები შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით დაიბეჭდა.
ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს სტამბაში მონიტორინგს უწევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საფინანსო დეპარტამენტი, ხოლო საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის, საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის გუნდმა ბიულეტენების ხმის მთვლელ ელექტრონულ აპარატებთან თავსებადობა შეამოწმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნულ ბიულეტენებს კანონით განსაზღვრულ ვადებში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს.




