ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, თუ კი ის ომის დროს, 2024 წელს გაიმართება, იმის მიუხედავად, რომ მანამდე პრეზიდენტობას მხოლოდ ერთი ვადით აპირებდა.
"2024 წელს, თუ ომი გაგრძელდება და თუ არჩევნები ჩატარდება, არასდროს ჩემს სიცოცხლეში არ მივატოვებ ჩემს სახელმწიფოს. იმიტომ რომ მე კონსტიტუციის გარანტი ვარ და მე მას დავიცავ ნებისმიერ შემთხვევაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
2019 წლის არჩევნებამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტობას ერთი ვადით გეგმავდა და მეორე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, პარტნიორებისგან ფინანსური დახმარება და საერთაშორისო დამკვირვებლები სანგრებში.
ინტერვიუში ზელენსკიმ დააზუსტა ზოგიერთი პირობა არჩევნების ჩატარებისთვის. მან გაიმეორა, რომ უკრაინას ფინანსურად უნდა დაეხმარონ დასავლეთის ქვეყნები, ასევე აუცილებელია უსაფრთხოების საკითხის გადაჭრა და ლტოლვილებისთვის ხმის მიცემის უზრუნველყოფა.
„თუ არჩევნები იქნება, ის აუცილებლად უნდა გაიმართოს უკრაინის ტერიტორიაზე, რათა სამხედროებს ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცეთ პირველ ხაზზე, ამიტომ აუცილებლად უნდა იყვნენ დამკვირვებლები მთელი მსოფლიოდან. მინდა რომ ყველაფერი კანონიერად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად იყოს, როგორც ეს მოხდა არჩევნებზე, როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი, როდესაც ყველამ თქვა, რომ სუფთა არჩევნები იყო, არ მინდა ამის დაკარგვა...
არ გვაქვს უფლება დავკარგოთ ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა ლტოლვილების სახით დატოვეს. მათ უნდა ჰქონდეთ ინფრასტრუქტურა, რათა კანდიდატებისთვის ხმის მიცემა შეძლონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის კონსტიტუციის თანახამდ, მორიგი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2023 წლის შემოდგომაზე უნდა გამართულიყო, საპრეზიდენტო კი - 2024 წლის მარტში. თუმცა უკრაინის კანონმდებლობა და კონსტიტუცია ომის მდგომარეობის პირობებში არჩევნების გამართვას კრძალავს.