უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერები გაეროს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ მის ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზანი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მან კრემლის მიზნებზე საუბრისას პირველ რიგში, რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ აღნიშნული უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვას ურთულებს. მისი თქმით, ეს თავის მხრივ, იწვევს სურსათზე ფასების მატებას, რაც ხელს უწყობს გლობალურ შიმშილს.
"აშკარაა რუსეთის მცდელობა, მსოფლიო ბაზარზე სურსათის დეფიციტი იარაღად გამოიყენოს, ზოგიერთი, თუ არა ყველა, დაკავებული ტერიტორიის აღიარების სანაცვლოდ. რუსეთი სურსათის ფასებს იარაღად იყენებს. მათი გავლენა ვრცელდება აფრიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე. ეს არის საფრთხის მასშტაბი", – განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს, დაბლოკოს გაზისა და ნავთობის მიწოდება მასზე დამოკიდებულ ევროპულ ქვეყნებში.
"კრემლმა ნავთობი და გაზი იარაღად გამოიყენა სხვა ქვეყნების ლიდერების დასასუსტებლად", - თქვა მან და დასძინა, რომ "ახლა ეს საფრთხე კიდევ უფრო დიდია".
"რუსეთი ასევე აქცევს სხვა ქვეყნის ელექტროსადგურებს ნამდვილ ბინძურ ბომბებად. ნახეთ, გთხოვთ, რა გააკეთა რუსეთმა ჩვენს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე - დაბომბა, დაიპყრო და შემდეგ სხვებს აშანტაჟებს რადიაციის გაჟონვით", - განაცხადა მან.