უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერები გაეროს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ მის ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზანი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მან კრემლის მიზნებზე საუბრისას პირველ რიგში, რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ აღნიშნული უკრაინას მარცვლეულის გადაზიდვას ურთულებს. მისი თქმით, ეს თავის მხრივ, იწვევს სურსათზე ფასების მატებას, რაც ხელს უწყობს გლობალურ შიმშილს.

"აშკარაა რუსეთის მცდელობა, მსოფლიო ბაზარზე სურსათის დეფიციტი იარაღად გამოიყენოს, ზოგიერთი, თუ არა ყველა, დაკავებული ტერიტორიის აღიარების სანაცვლოდ. რუსეთი სურსათის ფასებს იარაღად იყენებს. მათი გავლენა ვრცელდება აფრიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე. ეს არის საფრთხის მასშტაბი", – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს, დაბლოკოს გაზისა და ნავთობის მიწოდება მასზე დამოკიდებულ ევროპულ ქვეყნებში.

"კრემლმა ნავთობი და გაზი იარაღად გამოიყენა სხვა ქვეყნების ლიდერების დასასუსტებლად", - თქვა მან და დასძინა, რომ "ახლა ეს საფრთხე კიდევ უფრო დიდია".

"რუსეთი ასევე აქცევს სხვა ქვეყნის ელექტროსადგურებს ნამდვილ ბინძურ ბომბებად. ნახეთ, გთხოვთ, რა გააკეთა რუსეთმა ჩვენს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე - დაბომბა, დაიპყრო და შემდეგ სხვებს აშანტაჟებს რადიაციის გაჟონვით", - განაგრძო მან.

ამასთან, ზელენსკიმ ისაუბრა რუსეთის ურთიერთობებზე სხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან:

"როდესაც სიძულვილია იარაღად გამოყენებული სხვა ერის წინააღმდეგ, ის აქ არასდროს ჩერდება. ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია. მოსკოვმა თითქმის შთანთქა ბელარუსი. ცხადია, ეს საფრთხეს უქმნის ყაზახეთს და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებს“.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის მიზანი არის უკრაინის იარაღად გადაქცევა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის წინააღმდეგ.

"გენერალური ასამბლეის დარბაზში შეიძლება, ბევრი ადგილი დაცარიელდეს, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს თავისი ღალატითა და აგრესიით", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთი უნდა შეჩერდეს.

"აგრესორის დასამარცხებლად ერთად უნდა ვიმოქმედოთ", – აღნიშნა მან.