ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობს ხალხი ამაზე ასე ცოტას? და რას აკეთებს აშშ, როცა საქმე ეხება საქართველოს? ამერიკის დღევანდელი ქმედება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, სუსტია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

წამყვანმა ზელენსკის ჰკითხა, "როდესაც დონალდ ტრამპი დაიკავებს თეთრ სახლს, რამდენად განსხვავებული იქნება დღევანდელი ურთიერთობებისგან?"

"ვფიქრობ, რომ გავუგებთ ერთმანეთს. ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბრები, გვქონდა შეხვედრები, ჩვენი ჯგუფები მუშაობენ ერთად და ეჭვგარეშეა, რომ იმუშავებენ უფრო მეტს ინაუგურაციის შემდეგ. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ვფიქრობ, ახალ არჩეულ პრეზიდენტთან ერთად, ჩვენ ერთი რამ გვსურს, ამ ომის დასრულება.

ჩვენ, უკრაინელებს, ნამდვილად ძალიან გვსურს ამ ომის დასრულება. მას ესმის, რომ ამერიკას არ შეუძლია, დამარცხდეს, ამერიკა არ შეიძლება გამოჩნდეს სუსტი, და ეს არ დასრულდება უკრაინით. თუ უკრაინა უკან დაიხევს, თუ ამერიკის პოზიცია არ იქნება საკმარისად ძლიერი, მაშინ ეს გამოიწვევს "ომის აფეთქებებს" მსოფლიოს ყველა კუთხეში. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ევროპაზე, დიდი რისკი არსებობს მაგალითად ბალტიის ქვეყნებისთვის, ქვეყნებისთვის, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის ქვეყნები იყვნენ.

ჩვენ გვესმის, რომ თუ ბოროტებას არ მიუჩენენ თავის ადგილს, ეს იქნება მაგალითი სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ რუსეთი თავისით არ დაიხევს უკან. ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობს ხალხი ამაზე ასე ცოტას? და რას აკეთებს აშშ, როცა საქმე ეხება საქართველოს? ამერიკის დღევანდელი ქმედება საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, სუსტია.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, საქართველოშიც იყო ოკუპირებული ნაწილი. არაფერი მომხდარა, უბრალოდ მკვდარი ნაწილია საქართველოში. იქ ცოცხალი არაფერია, იქ ცივილიზაცია არ არის. მოსკოვმა შეგნებულად შექმნა გაყინული კონფლიქტი, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ჩართვას. ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ მოლდოვაში, რასაც ისინი აკეთებენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში. მათ აქვთ იგივე შაბლონი, იგივე რუკა, რასაც ისევ და ისევ იყენებენ.

დღეს კი საქართველოში, რომელიც გუშინ იყო თავისუფალი, დემოკრატიული, დღეს მთელი ძალაუფლება ხელში აქვთ ოლიგარქებს. ყველა მაღალჩინოსანს აქვს ბიზნესები, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოსკოვთან, მოსკოვის ენერგეტიკასთან და ა.შ. საქართველოში ოფიციალურად მთავრობა საუბრობს ევროკავშირის, დასავლეთის რამდენიმე წლით გადადებაზე. დღეს ისინი სრულიად, სრულიად რუსეთისა და მათი ლიდერების მანიპულაციის ქვეშ არიან.

ვფიქრობ, რომ აშშ და ევროკავშირი არ იღებენ საკმარისად ძლიერ ზომებს. ისინი არ აყენებენ რუსეთს იმ ადგილას, სადაც ის იმსახურებს ყოფნას. პოლიცია ცდილობს, რომ დაშალოს ყველა ახალგაზრდა, ყველა ადამიანი, ყველა სტუდენტი, რომლებიც ქუჩებში გადიან, რომ გამოხატონ პროტესტი. მათ არაფერი აქვთ ხელში, რომ რაიმე გააკეთონ. ერთადერთი, რაც მათ აქვთ, არის ძლიერი სურვილი, რომ იცხოვრონ მშვიდობიან, ევროპულ ქვეყანაში. აი, რა ხდება დღეს საქართველოში. რა ძლიერი ნაბიჯები გადადგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა? რა ძლიერი ზომები მიიღეს ევროპულმა ქვეყნებმა? მე, პირადად, ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა ზელენსკიმ.