უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას 2026 წლის ბოლოსთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების დამოუკიდებლად წარმოების ტექნიკური შესაძლებლობა ექნება.
აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა-უკრაინის სამიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ზელენსკის თქმით, ეს პროცესი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი კიევს შესაბამის სალიცენზიო უფლებებს გადასცემს.
პოლიტიკური შეთანხმება ლიცენზიის გადაცემის შესახებ ტრამპმა და ზელენსკიმ NATO-ს სამიტის ფარგლებში დაადასტურეს. ახლა მიმდინარეობს ტექნიკური მუშაობა, რათა უკრაინულმა გუნდმა ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით საკუთარი ძალებით შეძლოს წარმოება.
Patriot-ის გარდა, უკრაინა მუშაობს ფრანგულ-იტალიური SAMP/T სისტემებისთვის Aster-30 რაკეტების, ასევე SCALP-ის ტიპის რაკეტებისა და AASM Hammer-ის მართვადი ბომბების წარმოების ლიცენზიების მიღებაზე.
დამოუკიდებელი წარმოება უკრაინას საშუალებას მისცემს, შეავსოს საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი, რაც რუსეთის მხრიდან ხანგრძლივი სამხედრო აგრესიის ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რაკეტების წარმოების პროცესი, შესაძლოა, ეტაპობრივად განვითარდეს, ხოლო პირველადი წარმოება, შესაძლოა, ევროპულ პარტნიორებთან, მათ შორის გერმანიასთან თანამშრომლობით დაიწყოს.




