ყაზახეთში, ალმათის მედეუს რაიონის სასამართლოს მოსამართლემ, ჟასულან ხუსაინოვმა უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამომსვლელ მღვდელ-მონაზონ იაკობ ვორონცოვს, ნარკოტიკების შენახვის საქმეზე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, წერს "Новая газета Европа".
"ნომინალურად, მღვდელმონაზონს ექვსი წელი აქვს მისჯილი, თუმცა მასზე ყაზახეთის ხელისუფლების მიერ ახალი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ამნისტია გავრცელდა", - განმარტავენ ჟურნალისტები. ამის გამო, სასჯელის ვადა მესამედით შემცირდა. იაკობ ვორონცოვს ასევე მოუწევს ჯარიმის გადახდა 86 500 ტენგეს (დაახლოებით 173 ევრო) ოდენობით და სასამართლო ხარჯების დაფარვა 39 500 ტენგეს (79 ევრო) ოდენობით.
პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, წერს "Новая Европа". მამა იაკობის ადვოკატმა, გალიმ ნურპეისოვმა განაცხადა, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც "ვინმეს დამნაშავედ ცნობის" საშუალებას მისცემდა. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ევგენი ჟოვტისი, ყაზახეთში ყველაზე გავლენიანი უფლებადამცველი გაერთიანება - "ადამიანის უფლებათა და კანონიერების დაცვის ყაზახეთის საერთაშორისო ბიუროს" ხელმძღვანელი, ვორონცოვის დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
2022 წლის თებერვლამდე იაკობ ვორონცოვი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (РПЦ) ყაზახეთის მიტროპოლიის ოლქში მსახურობდა. მან დაგმო უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრა, მოუწოდა მართლმადიდებელ ყაზახებებს "სახარების სიმართლისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის, ჩამოშორდნენ პატრიარქ კირილეს, რომელიც ეკლესიას ღუპავს" და ქვეყანაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეტოქიონის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
ამის შემდეგ, ასტანის ეპარქიამ ვორონცოვს მსახურება აუკრძალა, მოგვიანებით კი ხარისხი ჩამოართვა. ის მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის მიღმა მართლმადიდებლური თემის დარეგისტრირებას ცდილობდა.
მღვდელმონაზონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2025 წლის შემოდგომაზე, ორი საიდუმლო მოწმის ჩვენების საფუძველზე აღიძრა.




