აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადამ ირანის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. The Wall Street Journal-ის ცნობით, ამან გამოაჩინა მისი სტრატეგიის პრობლემურობა, რომელიც ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენებასა და ნავთობის ექსპორტის "ჩრდილოვანი ფლოტის" გამოყენებით გაგრძელებას გულისხმობდა.

თებერვალში ომის დაწყების შემდეგ, თავდაპირველად ჩანდა, რომ ირანმა მოიპოვა უპირატესობა ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის შეფერხებით - მარშრუტით, რომელზეც გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი მოდის.

თუმცა, ამას შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტების ბლოკადით უპასუხა, რამაც დარტყმა მიაყენა ტანკერების იმ ქსელს, რომლითაც სანქციების მიუხედავად, ჩინეთში ნავთობის ექსპორტი გრძელდებოდა.

"არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ირანული ნავთობის გადამზიდმა რომელიმე ტანკერმა აშშ-ის ბლოკადა გაარღვია და ჩინეთამდე ან სხვა მყიდველებამდე მიაღწია," - წერს გამოცემა ანალიტიკურ კომპანია Kpler-ზე დაყრდნობით.

სტატიის თანახმად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, 44 კომერციულ გემს, რომელიც ირანის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია, უკან გაბრუნება ან პორტში დაბრუნება უბრძანეს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ირანელი მაღალჩინოსნები განიხილავდნენ შესაძლო ესკალაციას ისეთი იარაღით, რომელიც აქამდე არ გამოუყენებიათ.

ამავდროულად, რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულმა სააგენტო Tasnim-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტეში არსებული წყალქვეშა ინტერნეტ-კაბელების რუკა, რაც რეგიონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღების შესახებ გაფრთხილებად არის აღქმული.

WSJ-ის ცნობით, გასულ უქმეებზე თეირანმა რეგიონულ შუამავლებს შესთავაზა წინადადება სრუტეში თავდასხმების შეწყვეტის შესახებ, რის სანაცვლოდაც ითხოვდა ომის დასრულებას, აშშ-ის ბლოკადის მოხსნას და ბირთვული მოლაპარაკებების გადადებას.

თუმცა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალა, მოემზადონ ხანგრძლივი ბლოკადისთვის, რომელიც მანამ შენარჩუნდება, სანამ ირანი მის მოთხოვნებს არ დათანხმდება."ბლოკადა გენიალურია, ბლოკადა 100%-ით საიმედო აღმოჩნდა," - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

გამოცემის თანახმად, ომის და საზღვაო ბლოკადის გამო, ირანში მილიონზე მეტმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, გაიზარდა ფასები სურსათზე და დოლარის გაცვლით კურსი 1.81 მილიონი რიალი გახდა.

ირანის სტატისტიკის სამსხურმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 21 მარტიდან 20 აპრილამდე სამომხმარებლო ფასები გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 73.5%-ით გაიზარდა.