აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს მკაცრი ახსნა-განმარტება მოსთხოვა შეიარაღების, კერძოდ კი რაკეტების მწვავე დეფიციტის გამო, რაც ზღუდავს ვაშინგტონის სამხედრო შესაძლებლობებს ირანთან მიმდინარე კონფლიქტში. The Washington Post-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი და პენტაგონი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

Washington Post-ის ცნობით, უთანხმოება გასულ კვირას, კემპ-დევიდში გამართული კაბინეტის სხდომის კულუარებში მოხდა. ორ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჰეგსეთისგან პასუხები მოითხოვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შორ მანძილზე მოქმედი მართვადი რაკეტებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მარაგების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ტრამპის თქმით, მას ეგონა, რომ ეს საკითხი უკვე მოგვარებული იყო.

არსებული ინფორმაციით, ჰეგსეთმა თავი იმართლა და პასუხისმგებლობა თავის მოადგილეს, სტივენ ფაინბერგს დააკისრა.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ საბრძოლო მასალის სიმცირე გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც, დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში თავი შეიკავა ირანზე დამატებითი, მასშტაბური დარტყმებისგან. პრეზიდენტმა ამ ოპერაციას მანამდე "მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა" უწოდა.  

ირანთან ომის პირველ კვირებში აშშ-მა გამოიყენა 850-ზე მეტი Tomahawk-ის ტიპის საკრუიზო რაკეტა, 1000-ზე მეტი Patriot, THAAD გადამჭრელი რაკეტა, და 1300-ზე მეტი ATACMS სისტემა.  

მიუხედავად ახალი შეთანხმებებისა, მაგალითად, Patriot-ის რაკეტების დამზადებას, შეიძლება, ორ წლამდე დასჭირდეს.  

ტრამპის ადმინისტრაცია The Washington Post-ის სტატიას მწვავედ გამოეხმაურა.  

სოციალურ ქსელ Truth Social-ზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პიტ ჰეგსეთის მუშაობით ძალიან კმაყოფილია და შეერთებულ შტატებს საბრძოლო მასალის უზარმაზარი მარაგი აქვს. ტრამპმა აღნიშნულ ცნობებს ყალბი ამბები უწოდა და დაიმუქრა, რომ მსგავსი "მოღალატეობრივი" ინფორმაციის გამავრცელებლებს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ.