რუსული ნავთობკომპანიები იძულებულნი არიან, ჭაბურღილები გააჩერონ, რეგიონების მნიშვნელოვანი ნაწილი გაკოტრების ზღვარზეა, პუტინს რუსეთი გაკოტრებისკენ მიჰყავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, უკრაინის შორ მანძილზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრე ათი პროცენტით შეამცირა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინულმა დაზვერვამ რუსეთის ეკონომიკური დანაკარგების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

„მხოლოდ ამ თვეებში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრე ათი პროცენტით შემცირდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსული ნავთობკომპანიები იძულებულები არიან, ჭაბურღილები გააჩერონ. ეს მათთვის კიდევ უფრო მტკივნეულია. რუსეთის ნავთობის მოპოვების ბუნება ისეთია, რომ სწორედ ეს არის მათთვის ყველაზე არასასიამოვნო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ომისთვის გარკვეული ფინანსური რესურსები გადადო, თუმცა არა იმდენი, რომ ომი უსასრულოდ გააგრძელოს.

„ყოველი ჩვენი საპასუხო დარტყმა, ყოველი ჩვენი და პარტნიორების ერთობლივი ნაბიჯი, ზეწოლის თითოეული მექანიზმი რუსეთს ომის დასრულებისკენ უბიძგებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით,  რუსეთში უკვე ბევრი რეგიონი ფინანსური კრიზისის ზღვარზეა.

„ახლა რეგიონების მნიშვნელოვანი ნაწილი გაკოტრების ზღვარზეა, პუტინს რუსეთი გაკოტრებისკენ მიჰყავს. სხვადასხვა სქემა, რომლებსაც ისინი ფულის საშოვნელად იგონებენ, ვერ დაეხმარებათ. ჩვენ ამ რუსულ სქემებს ვხედავთ, ვაფიქსირებთ და მათ დავანგრევთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.