უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელი კომპანიების უმეტესობა ევროპულ და ამერიკულ სანქციებს სხვადასხვა უცხოური იურისდიქციის გამოყენებით გვერდს უვლის.

 ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც 100-ზე მეტი დიპლომატი მონაწილეობდა.

ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, აშშ-ის, შვეიცარიის, იაპონიისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების სანქციების სინქრონიზაციის აუცილებლობას.

მისივე თქმით, ეს საჭიროა, რათა მათ შეძლონ მეორადი სანქციების დაწესება ნებისმიერი ბანკისა და ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის საჭირო პროდუქციის შესაძენად ანგარიშსწორებაში ეხმარება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ბანკები წარმომადგენლობებს ფლობენ როგორც ოფშორულ იურისდიქციებში, სადაც საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის მრავალი ფინანსური შეღავათი მოქმედებს, ასევე ჩინეთში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არ შეურთდა.

„რუსეთის 17 ძირითადი საწარმოდან, რომლებიც ბალისტიკურ რაკეტებს აწარმოებენ, უმეტესობა სხვადასხვა იურისდიქციაში არსებული სანქციების ხვრელებით სარგებლობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთს რაკეტებისთვის საჭირო კრიტიკული კომპონენტების უმეტესობა დღემდე დასავლეთიდან მიეწოდება.

„იგივე ეხება ჩრდილოეთკორეულ რაკეტებსაც. ეს არის ახალი, ახლახან განხორციელებული მიწოდებები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"