უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა არჩევნებზე სასაუბროდ, თუმცა უკრაინელი ხალხი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, საომარი მდგომარეობის გაუქმების გამო. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

"კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. მზად ვარ არჩევნებზე სასაუბროდ, თუმცა უკრაინელებს ეს კატეგორიულად არ სურთ, რადგან ეშინიათ, რომ გაუქმდება საომარი მდგომარეობა, ჩვენი ჯარისკაცები სახლში დაბრუნდებიან და პუტინი მთელ ჩვენს ტერიტორიას დაიკავებს", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია უკრაინაში ერთიანობის შენარჩუნება.

"ვინმეს ეს თუ არ მოსწონს, თუ სურს, შეუძლია სხვა მოქალაქეობა აირჩიოს", – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

დონალდ ტრამპთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, არ აქვს გარანტია, რომ ეს ვლადიმერ პუტინთან აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრამდე მოხდეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია შეხვედრით, რაც მათი ბოლო სატელეფონო საუბრის დროსაც გამოიკვეთა.