აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან დაპირისპირებაში ვაშინგტონის „№1 მიზანი“ ახლა ნავთობის დაბალი ფასების უზრუნველყოფაა. „ენბისი ნიუსის“ ვარაუდით, ირანის ბირთვული ამბიციების მეორე ადგილზე დაყენება კონფლიქტის მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის მორიგ ცვლილებას ასახავს.
„ენბისი ნიუსის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს. ახალი სტრატეგიის მიზანია დაბალი ნავთობის ფასებით და ექსპორტის შეზღუდვით თეირანის ეკონომიკის დასუსტება.
ნავთობის ფასები პარასკევს გაიზარდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი ირანის განუსაზღვრელი დროით საზღვაო ბლოკადით დაიმუქრა და მიანიშნა, რომ მალე გააძლიერებს თეირანზე ეკონომიკურ ზეწოლას „ისეთი ზომებით, რომლებიც არასდროს გამოუყენებიათ“.
ვენსის თქმით, თუ ირანი ისრაელზე თავდასხმას განახორციელებს, აშშ ჰორმუზის სრუტის ბლოკადასაც კი განიხილავს. ეს ნაბიჯი ირანის ნავთობის ექსპორტს პრაქტიკულად გააჩერებს.
„ჩვენ ვცდილობთ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დავაბრუნოთ. ამისთვის ყველაზე ეფექტური ბერკეტი ეკონომიკაა“, - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.
გამოცემა წერს, რომ ეს მიდგომა განსხვავდება ადრინდელისგან. თუ ადრე აშშ-ის მთავარ პრობლემად და ირანთან ომის უპირველეს მიზეზად ირანის ბირთვული პროგრამა სახელდებოდა, ახლა ნავთობის მაღალი ფასი დაწინაურდა.
ექსპერტების შეფასებით, ნავთობის დაბალი ფასი თეირანს ომის დაფინანსების შესაძლებლობას ართმევს.
ჰორმუზის სრუტეში შექმნილმა ჩიხმა გლობალური ეკონომიკა შეარყია, შეზღუდა არა მხოლოდ ნავთობისა და გაზის მიწოდება, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქონლის, მაგალითად, სასუქის, მიწოდებაც.
ბრენტის ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო ფასი ბარელზე 87 დოლარს აღემატება, რაც იანვართან შედარებით 45%-ით მეტია. აშშ-ში ბენზინის გალონის საშუალო ფასი ამჟამად 4 დოლარს აღემატება, მაშინ როცა კონფლიქტამდე 3 დოლარზე ნაკლები იყო.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




