საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინისა და საქართველოს ხალხებს შორის "სრული სოლიდარობის" განცდაა. ბევრი ქართველი, მისი თქმით, უკრაინის მხარეს იბრძვის, მათგან 50-ზე მეტი დაიღუპა ამ ომის დროს.
მერაბიშვილმა გაიხსენა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული აგრესია საკუთარ თავზე გამოცადა. "2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომი იყო. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული", - განაცხადა მან.
ამის მიუხედავად, ექსპრემიერის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრორუსულია. "მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროუკრაინულია", - თქვა მან.
ბოლოდროინდელმა საპროტესტო აქციებმა თბილისის ცენტრში ასევე აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება არის "პროევროპული და პროუკრაინული", - თქვა მერაბიშვილმა. "და ჩვენი ოცნებაა, შევცვალოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკა და გავხდეთ ევროკავშირისა და NATO-ს ნამდვილი წევრები", - განაცხადა მან.
მერაბიშვილი 10 მარტს კიევში უკრაინელ პოლიტიკოსებს შეხვდა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ საქართველო იყოს უკრაინის მეგობარი და არ დაეხმაროს რუსეთს. "სამწუხაროდ, საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად", - განაცხადა პოლიტიკოსმა.