პროტექციონიზმი არ არის გამოსავალი და თვითნებური ტარიფების დაწესებას გამარჯვებულები არ ჰყავს, „მაღალი კედლები პატარა ეზოების გარშემო” მხოლოდ საკუთარ თავის იზოლირებას ნიშნავს, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე გამართული დისკუსიის დროს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა.

„პროტექციონიზმი არ არის გამოსავალი და თვითნებური ტარიფების დაწესებას გამარჯვებულები არ ჰყავს. განცალკევება ანადგურებს შესაძლებლობებს და „მაღალი კედლები პატარა ეზოების გარშემო” მხოლოდ საკუთარი თავის იზოლირებას ნიშნავს. ჩვენ უნდა მივყვეთ ღიაობასა და თანამშრომლობას და მხარი დავუჭიროთ მსოფლიოს მრავალპოლარიზაციას, რომელიც დაფუძნებულია ინკლუზიურ და სასარგებლო ეკონომიკურ გლობალიზაციაზე”, -განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვან იმ განაცხადა, რომ აშშ თუ გააგრძელებს ჩინეთის ჩახშობისა და შეზღუდვის მცდელობებს, ჩინეთი მტკიცედ დაიცავს თავის სუვერენიტეტსა და ღირსებას.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ამერიკული მხარე იმავე მიმართულებით წავა, მაგრამ თუ აშშ-ს არ სურს, თუ ის განაგრძობს ჩინეთის ჩახშობასა და შეზღუდვას, მაშინ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ ბოლომდე ვითამაშებთ, მტკიცედ დავიცავთ ჩინეთის სუვერენიტეტს, ჩვენი ერის ღირსებას და განვითარების კანონიერ უფლებას, მტკიცედ აღვუდგებით წინ აშშ-ს მხრიდან უნილატერალიზმისა და ჩაგვრის ქმედებებს”, – განაცხადა ვან იმ.
ვან იმ ევროპასთან ჩინეთის ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ჩინეთი და ევროპა არიან პარტნიორები და არა მეტოქეები.

„ჩინეთს ყოველთვის სჯეროდა, რომ ევროპა მრავალპოლარული მსოფლიოს მნიშვნელოვანი პოლუსია. ჩინეთი და ევროპა არიან პარტნიორები და არა მეტოქეები. წელს აღინიშნება ჩინეთსა და ევროპას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 50-ე წლისთავი. ჩინეთს სურს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ევროპასთან სტრატეგიული კომუნიკაციისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ხელი შეუწყოს მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და პროგრესის ნათელ მომავალს”, – აღნიშნა ვან იმ.

რაც შეეხება რეგიონულ კონფლიქტებს, ჩინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ჩინეთი ყოველთვის ემხრობა ყველა კონფლიქტის დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების გზით მოგვარებას და ეს უკრაინის საკითხსაც ეხება.

„ჩინეთს აქვს საკუთარი პოზიცია რეგიონულ ცხელ წერტილებთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ყველა დავისა და კონფლიქტის მოგვარებას დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების გზით, რადგან ძალა და სანქციები ვერ შეძლებს პრობლემების ჭეშმარიტად და სრულად მოგვარებას, და იგივე ეხება უკრაინის საკითხსაც”, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპის როლს, ვან იმ თქვა, რომ კონფლიქტი ევროპის მიწაზეა გაჩაღებული, ამიტომ, ევროპას უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საკითხში.

„ჩინეთი მიესალმება ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მშვიდობისკენ, მათ შორის აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეულ უახლეს კონსენსუსს. ამავდროულად, გვჯერა, რომ ყველა ჩართულმა მხარემ, მათ შორის დაინტერესებულმა მხარეებმაც, უნდა მიიღონ მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში შესაბამის დროს. ეს კონფლიქტი ევროპის მიწაზე მიმდინარეობს და ევროპას კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ საკითხში”, – თქვა მან.

თარგმანი: პირველი არხი