გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა რუსეთს მოუწოდა, უარი თქვას მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე და გამოავლინოს მოლაპარაკებებისთვის რეალური მზადყოფნა აშშ-ის შუამავლობით აბუ-დაბიში დაგეგმილი რუსულ-უკრაინული კონტაქტების ახალი რაუნდის წინ.
"ახლა უნდა გაირკვეს: მართლა სერიოზულად არის თუ არა რუსეთი მზად მოლაპარაკებებისთვის?" - განაცხადა ვადეფულმა პარიზში გამართული G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბერლინი ჯერჯერობით ვერ ხედავს მოლაპარაკებების პროცესის რეალური წინსვლის ნიშნებს.
"ჩვენ ვერ ვხედავთ აბსოლუტურად ვერანაირ არსებით წვლილს იმაში, რომ მოლაპარაკებებმა მართლაც წინ წაიწიოს", - აღნიშნა მან.
ვადეფულმა განაცხადა, რომ შექმნილი სიტუაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან განიხილა. "ჩვენ ვთანხმდებით, რომ არსებობს შესაძლებლობა, მოლაპარაკებების გზით წერტილი დაესვას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს", - განაცხადა მინისტრმა. ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამისათვის რუსეთმა "ბოლოს და ბოლოს უნდა თქვას უარი თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე და შეთანხმების მისაღწევად რეალური მზადყოფნა გამოავლინოს".
აშშ-ის შუამავლობით მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები 10 და 11 ნოემბერს აბუ-დაბიში უნდა გაიმართოს. მოსალოდნელია, რომ ამერიკულ მხარეს სპეციალური დესპანები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი იქნებიან.




