უკრაინის დარტყმების შედეგად, ყირიმის ხიდის ნაწილობრივი დანგრევა რუსეთისთვის, უკრაინის წინააღმდეგ, მისი სამხედრო აგრესიის მძიმე შედეგია, — განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა. "სწორედ რუსეთმა დაიწყო ეს ომი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. შესაბამისად, მას ახლა ამ შედეგებთან ერთად უწევს ცხოვრება", — განუცხადა მან ჟურნალისტებს ბაქოში.
გერმანელი პოლიტიკოსის აზრით, ეს ვითარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მისაღწევად ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომის დასრულება ბრძოლის ველზე შეუძლებელია და აუცილებელია გამოსავლის დიპლომატიური მეთოდებით პოვნა.
"ახლა, ზამთრის დაწყების წინ, შემდგომი ესკალაცია ყველაზე ნაკლებად გვჭირდება. აუცილებელია გაბედული ნაბიჯები მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტისკენ. ვიმედოვნებ, რომ ახლა ყველგან იქნება გამოვლენილი საჭირო სიმტკიცე", — დასძინა ვადეფულმა.
ამავდროულად, ვადეფულმა დაადასტურა, რომ აშშ-ის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში ევროპის ქვეყნების წარმომადგენლების ჩართვის იმედი აქვს. მან შეახსენა, რომ ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნებოდა — უკრაინაში მშვიდობის მიღწევა ევროპის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. "ამიტომ, ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ შემდგომი მოლაპარაკებები — სადაც არ უნდა გაიმართოს ისინი, აბუ-დაბიში თუ სხვაგან — ევროპული მხარის მონაწილეობით წარიმართება", — განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




