დღეს რუსეთის სამიზნე მეცნიერება გახდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმას ეხმაურება, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
„ჩემი თანაგრძნობა მინდა, გამოვხატო იმ გმირების მიმართ, რომლებიც უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში ჩარჩენილ ადამიანებს ეძებენ. ასევე, იმ ადამიანების ოჯახებისა და ახლობლების მიმართ, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ საშინელ თავდასხმებს ემსხვერპლნენ. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ყველა უკრაინელის გვერდით. ევროპა, როგორც არასდროს, ისე აქტიურად მუშაობს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, 28 სექტემბერს კიევში რუსულმა დრონმა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას დაარტყა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია კიევში „დობრობუტის“ სამედიცინო ცენტრზე თავდასხმის შესახებ, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი თანამშრომელი.




