დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) სანქციების დაწესებას გეგმავს. 

ამის შესახებ სტატიას „უოლ სთრით ჯორნალი“ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია მათ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა დაუდასტურეს.

გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი ვაშინგტონის მცდელობების მკვეთრი ესკალაციაა, რომელიც მიმართულია ჰააგის სასამართლოს დაშლისკენ მას შემდეგ, რაც ICC-მ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა.

„უოლ სთრით ჯორნალისა“ და აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ განხილული დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის სანქციები კრძალავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ტრანზაქციების უმეტესობას, შეღავათიანი პერიოდის შემდეგ ექვსიდან შვიდი თვის განმავლობაში. მათივე შეფასებით, ამან შესაძლოა, სასამართლო დააზიანოს, რადგან ის გლობალურ ფინანსურ სისტემას გამოეთიშება.