მძაფრი სიტყვიერი დაპირისპირებაა გამართული, ერთი მხრივ, უნგრეთის და უკრაინის, მეორე მხრივ კი, უნგრეთის და ხორვატიის მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შორის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, უნგრეთის სადაზვერვო დრონებმა დაარღვიეს, რასაც   უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს პასუხი მოჰყვა.

„ზელენსკი ჭკუას კარგავს თავისი ანტიუნგრული აკვიატებით, ახლა იწყებს ისეთი რაღაცების დანახვას, რაც არ არსებობს“, - დაწერა პიტერ სიიარტომ X-ზე

უნგერთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისმა უკრაინელმა კოლეგამ, ანდრი სიბიგამ,  იმავე ქსელში დაუბრუნა მსგავსი სიმძაფრით სავსე პასუხი:  

„პიტერ, ჩვენ ბევრ რამეს ვხედავთ, მათ შორის თქვენი მთავრობის თვალთმაქცობას და მორალურ დაცემას, უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ მის აშკარა და ფარულ მუშაობას, კრემლისადმი მის მლიქვნელობას. ჩვენს პრეზიდენტზე თავდასხმების რაოდენობა ვერ შეცვლის იმას, რასაც ჩვენ - და ყველა დანარჩენი - ვხედავთ“.

სიტყვიერი პაექრობა დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააგრძელა.

„უნგრეთი სუვერენული ქვეყანაა და მთავრობა სუვერენულ პოლიტიკას მისდევს.

ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენი ერის ინტერესებს ემსახურება: ვიცავთ უნგრელების უსაფრთხოებას და არ ვმონაწილეობთ მეზობლის ომში.

ამიტომ, მესმის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის იმედგაცრუება: მათ აქამდე ვერ შეძლეს ჩვენი ომში ჩათრევა და რაც არ უნდა პროვოკაციული იყოს მისი განცხადებები, მომავალშიც ვერ მიაღწევენ წარმატებას“, - წერს პიტერ სიიარტო.


არანაკლებ მძაფრი შეხლა-შემოხლა მოხდა უნგრეთსა და ხორვატის შორის. უნგრეთის საგარეო საქმეთა განაცხადა, რომ ხორვატია კრიზისით სარგებლობს,   დამატებით გადასახადს აწესებს მის ტერიტორიის გავლით უნგრეთში მისაწოდებელ ნედლ ნავთობზე და ამასთან ერთად, მას არ შეუძლია უზრუნველყოს უნგრეთის და სლოვაკეთისთვის საკმარისი მოცულობის მიწოდება.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა, უარყო ბრალდებები და ხაზი გაუსვა, რომ ხორვატია, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რეგიონული ენერგეტიკული ცენტრია.

„პირველ რიგში, ყველას, ვინც ამჟამად უფრო იაფ რუსულ ნავთობსა და გაზს იღებს, შეიძლება სპეკულანტი ვუწოდოთ. ეს არ არის ხორვატია, რომელიც მას საერთოდ აღარ გამოიყენებს 2022 წლიდან. შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უნგრეთი, რომელიც სარგებლობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით. ის იღებს უფრო იაფ ნედლ ნავთობს, შემდეგ კი ამუშავებს მას და უზარმაზარ მოგებას იღებს“. რაც შეეხება ტრანზიტის საფასურს, ის მოცულობის ზრდასთან ერთად შეიძლება შემცირდეს და როცა ჩვენ მეტ ნავთობს გავატარებთ, ფასი შემცირდება, - განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.

პიტერ სიიარტომ პასუხის გარეშე არ დატოვა ხორვატიის პრემიერ-მინისტრი.

„რამდენსაც არ უნდა უარყოფდეს ამას ხორვატიის მთავრობა, ის ცდილობს უკრაინაში ომიდან მოგების მიღებას.

ომის დაწყებიდან მოყოლებული, მათ მნიშვნელოვნად გაზარდეს ხორვატიის გავლით ნავთობის გადაზიდვის სატრანზიტო საფასური და ახლა სურთ, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალონ რუსული ნავთობის შეძენაში, რათა უზრუნველყონ მონოპოლია უნგრეთზე და კიდევ უფრო მეტი მოგება მიიღონ ჩვენგან.

მხოლოდ ადრიას მილსადენი ვერ უზრუნველყოფს უნგრეთისა და სლოვაკეთის მომარაგებას: კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ეს მილსადენი უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს ჩვენთვის საჭირო ნავთობის მოცულობის შეუფერხებელ და საიმედო გატარებას“, - წერს X-ზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.