16 ნოემბერს, ღამით, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვს შეუტიეს. რეგიონის გუბერნატორის, იური სლიუსარის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ცეცხლი ოთხ საწარმოო ობიექტს გაუჩნდა, დაშავდა სამი მამაკაცი.
გამოცემა Astra-ს მიერ შესწავლილი თვითმხილველთა ფოტოებისა და ვიდეოჩანაწერების მიხედვით, დრონებმა ნავთობბაზისა და გაზგამანაწილებელი სადგურის განთავსების ტერიტორიას დაარტყეს. შეტევის შემდეგ იქ ხანძარი გაჩნდა.
ორივე ობიექტზე ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მონიტორინგის არხმა, Exilenova+-მაც გაავრცელა.
ნავთობბაზა შპს "ფლეშ ენერჯის" ეკუთვნის. იგი სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტების მისაღებად, შესანახად და გადასატვირთავად გამოიყენება. მის ტერიტორიაზე 10 რეზერვუარია განთავსებული, რომელთა საერთო ტევადობა 6,5 ათას კუბურ მეტრს აღემატება.
გაზგამანაწილებელი სადგური შპს "იუგ-იმპექსის" საკუთრებაშია. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება მყარი, თხევადი და აირადი საწვავის, ასევე თანამდევი პროდუქციის შენახვა და ვაჭრობაა. რუსეთის ხელისუფლებას აზოვზე თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.




