უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილ ბუდანოვს, რუსული ენის გამოყენების გამო ჯარიმის გადახდა მოუწევს კიევის მახლობლად, სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში 2 ნოემბერს მომხდარი მოვლენების დროს. ამის შესახებ სახელმწიფო ენის დაცვის საკითხებში რწმუნებულმა ელენა ივანოვსკაიამ განაცხადა.
ივანოვსკაიას თქმით, ბუდანოვმა საუბრისას აღიარა დარღვევის ფაქტი გამართლების ძიების ან თავდაცვითი რეაქციების ჩართვის მცდელობის გარეშე. ომბუდსმენმა მოუწოდა საზოგადოებას, ნუ დაკავდებიან სოციალურ ქსელებში ლინჩის წესით გასამართლებით.
უკრაინული ტელეარხი ТСН აღნიშნავს, რომ უკრაინაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რუსული ენის გამოყენებისთვის თანამდებობის პირს 3 400-დან 6 800 გრივნამდე (დაახლოებით 67-134 ევრო) ჯარიმა ემუქრება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევისთვის - 11 900 გრივნამდე (დაახლოებით 235 ევრო).
2 ნოემბერს კიევის მახლობლად მდებარე სოფელში 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა კერძო სახლთან, რომლის სარდაფშიც, სავარაუდოდ, უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული რამდენიმე ათეული მობილიზებული, აგრეთვე ის სამხედროები, რომლებმაც ნაწილები თვითნებურად დატოვეს. სახლთან პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. დაზიანდა ეროვნული გვარდიის ავტობუსი და პოლიციის ავტომობილები, პროტესტის მონაწილეებმა ტერიტორიიდან გასასვლელი დაბლოკეს. პარალელურად, შენობიდან იქ მყოფი ადამიანების გამოყვანა დაიწყეს.
უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურმა ალექსანდრე პივნენკომ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა, განაცხადა, რომ ოთხი სამხედრო მოსამსახურის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მისი თქმით, საუბარია სამხედროებზე, რომლებიც ნაწილის თვითნებურად დატოვების გამო დააკავეს. ეს ინფორმაცია დაადასტურეს კორპუს "აზოვში". უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ (ГБР) სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამხედრო თანამდებობის პირის მიერ ძალაუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლით.
მოვლენების ეპიცენტრში ბუდანოვიც მივიდა. 14 წლის მოზარდთან საუბრისას მან რუსული ენა გამოიყენა. ამან სოციალურ ქსელებში კრიტიკა გამოიწვია.




