უკრაინამ ასტრახანის ოლქის ქალაქ ახტუბინსკში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და უკრაინულმა მონიტორინგის Telegram-არხებმა განაცხადეს.
ახტუბინსკში, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის გამო, საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ქალაქში ძლიერი აფეთქებების სერია ისმოდა და ცაში ნათებები ჩანდა.
ასტრახანის ოლქის გუბერნატორმა იგორ ბაბუშკინმა განაცხადა, რომ რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში 30-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ახტუბინსკის ხელისუფლებამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული დრონების იერიშის შედეგად საქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება არ დაფიქსირებულა. სამხედრო აეროდრომის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურად არაფერი ვრცელდება.
უკრაინული მონიტორინგის არხ Exilenova+-ის მონაცემებით, ახტუბინსკის აეროდრომის რაიონში, სადაც ახალი სამხედრო საავიაციო ტექნიკის გამოცდა მიმდინარეობს და Су-34-ის ტიპის თვითმფრინავებია ბაზირებული, დაახლოებით 30 აფეთქების ხმა გაისმა. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში განაცხადეს, უკრაინის მიერ ობიექტზე მიტანილი დარტყმის შემდეგ, საავიაციო მართვადი რაკეტების კომპლექტების საწყობში მეორადი დეტონაცია დაფიქსირდა.




