პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ უარს ამბობს კომპრომისზე წავიდეს პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან და მის მხარდამჭერ კონსერვატიულ პარტიასთან "კანონი და სამართლიანობა" (PiS) საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო შექმნილი ვითარების გამო.

ტუსკის მიმართვა გავრცელდა მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ტრიბუნალის ერთ-ერთმა მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროვსკამ, ამ სახელმწიფო ორგანოს თავმჯდომარის, ბოგდან სვენჩკოვსკის და ვიცე-თავმჯდომარის ბარტლომეი სოხანსკის დროებითი გადაყენების შესახებ გამოაცხადა, რადგან ისინი, როგორც ტუსკის მთავრობაშიც მიიჩნევენ, საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას საბოტაჟს უწყობენ. თანამდებობიდან გადაყენების კიდევ ერთი მიზეზია პოლონეთის სეიმის მიერ არჩეული ახალი მოსამართლეების ფიცის დადებაზე ნავროცკის ფაქტობრივი უარი.

მიმართვაში ტუსკმა სხვათა შორის თქვა, რომ PiS-ის მიერ შექმნილ ფორმატში ტრიბუნალი "ნამდვილი სასამართლო არ იყო". პრემიერმა ნავროცკი და მისი წინამორბედი პრეზიდენტის პოსტზე, ანჯეი დუდა, ქვეყანაში "კანონის უზენაესობის ნგრევაში" დაადანაშაულა. "ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალას და ორივე პრეზიდენტს ვთავაზობდით რეზოლუციებსა და კანონებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა, ერთობლივად აღგვედგინა კანონის უზენაესობა. ყველაფერი ამაო იყო, ყველაფერი პრეზიდენტმა და პარტია PiS-მა დაბლოკეს", - თქვა ტუსკმა.

ტრიბუნალის ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გადაყენებამდე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, სეიმის მიერ არჩეული მოსამართლეები "თავმჯდომარე სვენჩკოვსკის მიერ იყვნენ ბლოკირებული და მუშაობის დაწყება ვერ შეძლეს". ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ "სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიტიკოსს არ შეუძლია, შევიდეს სასამართლოს ტერიტორიაზე, გასცეს განკარგულებები და შეაშინოს მოსამართლეები, თუნდაც ის პრეზიდენტი იყოს".

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მისი მოვალეობაა - კონსტიტუციის შესაბამისად ტრიბუნალის უსაფრთხო მუშაობა უზრუნველყოს. "ზოგიერთ საკითხზე კომპრომისები არ შეიძლება იყოს. ყვირილი და ტყუილი პოლონეთში კანონის წყარო ვერ იქნება. და არც იქნება", - დასძინა მან.