ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის, დარია შიპილოვას მოულოდნელ სიკვდილთან და ამ ინციდენტით გამოწვეულ რუსეთში ფილტვის ჭირის შესაძლო აფეთქების შიშთან დაკავშირებით, ევროკომისიამ მოსკოვს მოუწოდა, "უახლოეს მომავალში წარმოადგინოს გამჭვირვალე ანგარიშები ციმბირის ლაბორატორიაში მომხდარის შესახებ". როგორც ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ევროკომისიამ რუსეთს "სანდო ეპიდემიოლოგიური და მიკრობიოლოგიური მონაცემების" მიწოდებისკენ მოუწოდა.
წინა დღით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს "უახლოეს მომავალში" ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ირკუტსკში მომხდარზე. ერთი დღით ადრე, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთში არსებულ ვითარებას "ძალიან ყურადღებით აკვირდება". რუსეთის ხელისუფლება მომხდარს "პნევმონიას" უწოდებს და შეერთებული შტატები მზადაა "დასახმარებლად", აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ, რუსეთში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლება აგრძელებს რუსეთის ფედერაციის ირკუტსკის ოლქში ფილტვის ჭირით ინფიცირების საეჭვო შემთხვევის გარშემო არსებული ვითარების ყურადღებით მონიტორინგს.
7 ოქტომბერს, ციმბირში ფილტვის ჭირით ინფიცირების შესაძლო შემთხვევის შესახებ ცნობების ფონზე, მონღოლეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცა განკარგულება რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე "ჯანდაცვის სფეროში სათვალთვალო ზომების" დაწესების შესახებ.
"მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რისკის დონე დაბალი რჩება, ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამის უწყებებს დაავალა, მიიღონ სიფრთხილის ზომები და უზრუნველყონ მუდმივი ზედამხედველობა და მონიტორინგი პოტენციური რისკების თავიდან აცილების მიზნით", - სააგენტო AFP-ს მოჰყავს მონღოლეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების ციტატა.
"სელენგეს პროვინციაში სასაზღვრო-გამშვები პუნქტები აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, ამასთან საზღვარზე ხორციელდება სანიტარიული ზედამხედველობისა და მონიტორინგის ზომები", - დასძინეს სამინისტროში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა X-ის მიკრობლოგში დაწერა, რომ ჯანმო კონტაქტს ინარჩუნებს რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან და რუსეთის ფედერაციას ტექნიკური მხარდაჭერა შესთავაზა. მისი მონაცემებით, ჯანმოს მოთხოვნის საპასუხოდ, რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებმა განაცხადეს, რომ ბოლო დროს ირკუტსკის ოლქში ჭირის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"მათ აცნობეს ჯანმოს, რომ ჩატარდა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა, მიღებულ იქნა პროფილაქტიკური და კონტროლის ზომები, ხოლო გამოვლენილი კონტაქტები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ მოექცნენ და გაიარეს ტესტირება. მათ განაცხადეს, რომ კონტაქტებს შორის არ გამოვლენილა მაღალი საფრთხის შემცველი პათოგენები და რომ ყველა გამოვლენილ კონტაქტზე სამედიცინო დაკვირვება დასრულებულია", - განაგრძო ჯანმოს ხელმძღვანელმა.
იმავე პოსტში გებრეიესუსმა დაწერა, რომ ორგანიზაციამ "მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მძიმე პნევმონიის მიზეზის, იმ გამომწვევის გასარკვევად, რომელიც გახდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ზომების მიღების საფუძველი, და ასევე მედიის ცნობების გადასამოწმებლად დაუდგენელი მიზეზით პნევმონიის მქონე მეორე თანამშრომლის შესახებ".




